www.taoklarjeti.com



ბაკურიანი      

ტურის ხანგრძლივობაა 11-12 საათი. იგი განეკუთვნება კატეგორიას “ზამთრის ტურები”. გეოგრაფიულად ტური მოიცავს საქართველოს
  

ვრცლად »

       
 
ბაკურიანი      

ტურის ხანგრძლივობაა 1 ღამე და 2 დღე. იგი განეკუთვნება კატეგორიას “ზამთრის ტურები”. გეოგრაფიულად ტური მოიცავს საქართვ
  

ვრცლად »

       
 
უშბა      

ტურის ხანგრძლივობაა 2 ღამე და 3 დღე. იგი განეკუთვნება კატეგორიას “ზამთრის ტურები”. გეოგრაფიულად ტური მოიცავს საქართვ 
  

ვრცლად »

       
 
შატილი      

ხევსურეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის


ვრცლად
 »

         
თუშეთი      

თუშები მეტყველებენ წმინდა ქართულით, მხოლოდ ჩაღმის ზოგიერთ სოფლებში, ომალოსა და შენაქოში დღესაც დაცულია ქართული


ვრცლად
 »

       
 
უშგული      

სვანეთი საქართველოს ისტორიული მხარეა. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენის


ვრცლად
 »

       
 
სვანეთი      

სვანეთი საქართველოს ისტორიული მხარეა. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენის


ვრცლად
 »

       
 
გერგეთის სამება      

გეოგრაფიულად ტური მოიცავს მცხეთა - მთიანეთის რეგიონს, კონკრეტულად კი ქალაქ სტეფანწმინდას (ყოფილი ქალაქი ყაზბეგი).


ვრცლად
 »

       
 
ყაზბეგი      

გეოგრაფიულად ტური მოიცავს მცხეთა - მთიანეთის რეგიონს, კონკრეტულად კი ქალაქ სტეფანწმინდას (ყოფილი ქალაქი ყაზბეგი).


ვრცლად
 »

       
 
ნავჯომარდობა      

ნავჯომარდობა არის აქტიური დასვენების სახე რისთვისაც გამოიყენება გასაბერი ნავი. როგორც წესი დაშვება ხდება სხვადასხვა სირთ


ვრცლად
 »

       
 
აბუდელაურის ტბები, ჭაუხები      

აბუდელაურის ტბები მდებარეობს ხევსურეთში, სოფელ როშკის ზემოთ,თითქმის ჭიუხების ძირში. ამ ტბებთან საკმაოდ საინტერესო ლეგე


ვრცლად
 »

       
 
ბირთვისები      

უნიკალური ბუნებით გარშემოტყმულ ადგილზე განლაგებული, კლდეზე გაშენებული ციხის ნანგრევები, რომელიც ტყის სიღრმეში მდე 
  

ვრცლად »

       
 
ბირთვისის კანიონები      

უნიკალური ბუნებით გარშემოტყმულ ადგილზე განლაგებული, კლდეზე გაშენებული ციხის ნანგრევები, რომელიც ტყის სიღრმეში მდე 
  

ვრცლად »

       
 
რთველი      

გთავაზობთ ერთდღიან დაუვიწყარ ღვინის ტურს კახეთში. არ გაუშვათ ხელიდან ეზიაროთ კახური ღვინოს და მამა-პაპურ სუფრას
  

ვრცლად »

       
 
ღვინის ტური      

 


გთავაზობთ ორღიან დაუვიწყარ ღვინის ტურს კახეთში. არ გაუშვათ ხელიდან გაიგოთ კახური ტრადიციული ღვინის დაყენების წესი და
  

ვრცლად »

       
 
სიღნაღი      

ერთდღიანი ტური სიღნაღში განეკუთვნება სათავგადასავლო და პილიგრიმულ ტურების კატეგორიას. ტურის ხანგრძლივობაა 11 საათი
  

ვრცლად »

       
 
დავით გარეჯი      

 

 

გეოგრაფიულად ტური მოიცავს კახეთის რეგიონში არსებულ დავით გარეჯის უნიკალურ მონასტერს რომელიც გაშენებულია უდაბნოში

 

ვრცლად » 

       
 
ლაგოდეხის ჩანჩქერი      

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაცია გთავაზობთ ოთხ საფეხმავლო და საცხენესნო მარშრუტებს ლაგოდეხის ნაკრძალში
  

ვრცლად »

       
 
საინგილო      

 ტურები საინგილში (ლაგოდეხი - ჰერეთი)


მხარე ფეოდალური ხანის საქართველოში, ისტორიული კახეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, თანამედროვე აზერბაიჯანში.  
 

ვრცლად »

       
 
ვაშლოვანი      

გთავაზობთ 1 დღიან ტურს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე. ტახტი–ტეფას ვულკანები, ხორნაბუჯის ციხე, წმინდა ელიას ეკლესია 
  

ვრცლად »

       
 
რაბათი      

 

ამ ციხეს, არტაან-ერუშეთის საზღვარზე, სოფელ ურთან რომ დგას, ბევრჯერ ავუვლ-ჩავუვლით ხოლმე, იქ ასვლისთვის კი ვერ მოვი
   

ვრცლად »

       
 
ვარძია      

რას იფიქრებდნენ მონასტრის დამაარსებელი გრიგოლ ხანცთელი და ქტიტორი ბაგრატ კურაპალატი, ხუროთმოძღვარი, კირითხურო
  

ვრცლად »

       
 
დმანისი      

 


კლარჯეთი! ჭოროხის აუზი და ძველი კოლხები, ზემო ქართლი და მეწინავე მესხები, მოთქრიალე ჭოროხი და უძირო ხევ-ხუვები, 
  

 ვრცლად »

       
 
ფიტარეთი      

ერთდღიანი ტური ქვემო ქართლში (ფიტარეთი)


კლარჯეთი! ჭოროხის აუზი და ძველი კოლხები, ზემო ქართლი და მეწინავე მესხები, მოთქრიალე ჭოროხი და უძირო ხევ-ხუვები, 

  

ვრცლად »

       
 
ბაგრატის ტაძარი      

 

 

აქ ტაძარი ჯავახ ოსტატებს აუგიათ. ბევრი რამ გამოუვლია ამ ადგილებს და შემდეგ ოსმალები მოსულან. მოსახლეობის ნაწილი ალბ


ვრცლად
 »
 

       
 
კაცხის სვეტი      

ტაო-კლარჯეთი ერთი დიდი სამყაროა, დიდი მთებით და დიდი ველებით, დიდი ტაძრებით და დიდი ციხეებით. არ ვიცი, ეს მხოლოდ


ვრცლად
 »

       
 
პრომეთეს მღვიმე      

 

 

ეს სოფელი პირველად რომ ვნახე, მომინდა ჩემს გვერდით ყველა ჩემიანი ყოფილიყო და მათთან ერთად გამეზიარებინა პირველ


ვრცლად
 »

       
 
მარტვილის კანიონები      

ეს არ არის ტაო-კლარჯეთი. არც ''ისტორიული საქართველოს'' სხვა ნაწილი. თუმცა ''ფოტოემოციებში'' შეტანა მაინც გადავწყვიტე, 


ვრცლად
 »

       
 
ტობავარჩხილის ტბა      

სამდღიანი ტური სამეგრელოში (ტობავარჩხილის ტბა)


მირიანმა ნათელ-იღო და წარავლინა მოციქულნი კონსტანტინეს წინაშეო. მანაც სიხარულით წარმოგზავნა მღდელნი და ხურონი, 

ვრცლად »

       
 
რაჭა ბარაკონის ეკლესია      

სამდღიანი ტური რაჭაში (ამბროლაური - ნიკორწმინდა - ბარაკონი - საყინყულე)


ადგილის სახელი, ტოპონიმი, საკმაოდ სტაბილური რამ არის. ტოპონიმები ხშირად უზარმაზარ ქარტეხილებს უძლებს. იცვლება საზ

 

ვრცლად »

       
 
აჭარა      

სამდღიანი ტური მაღალმთიან აჭარაში (ბათუმი - ხულო)


კლარჯეთი! ჭოროხის აუზი და ძველი კოლხები, ზემო ქართლი და მეწინავე მესხები, მოთქრიალე ჭოროხი და უძირო ხევ-ხუვები, 
  

ვრცლად »

       
 
ბათუმი      

შაბათ-კვირა შავ ზღვაზე და კოხეთის ეროვნულ პარკში (ბათუმი)


კლარჯეთი! ჭოროხის აუზი და ძველი კოლხები, ზემო ქართლი და მეწინავე მესხები, მოთქრიალე ჭოროხი და უძირო ხევ-ხუვები, 
  

ვრცლად »

       
 
ლაშქრობა      

ლაშქრობა თუშეთიდან ხევსურეთში (ომალო - აწუნთა - არდოტი - მუცო - შატილი)


კლარჯეთი! ჭოროხის აუზი და ძველი კოლხები, ზემო ქართლი და მეწინავე მესხები, მოთქრიალე ჭოროხი და უძირო ხევ-ხუვები, 
  

ვრცლად »

       
 
ლაშქრობა      

ლაშქრობა ხევსურეთიდან ყაზბეგში (როშკა - ჭაუხები - ჯუთა - სნო - ყაზბეგი)


კლარჯეთი! ჭოროხის აუზი და ძველი კოლხები, ზემო ქართლი და მეწინავე მესხები, მოთქრიალე ჭოროხი და უძირო ხევ-ხუვები, 
  

ვრცლად »

       
 
ლაშქრობა      

 ლაშქრობა რაჭიდან სვანეთში (რაჭა - უშგული - მესტია)

 

კლარჯეთი! ჭოროხის აუზი და ძველი კოლხები, ზემო ქართლი და მეწინავე მესხები, მოთქრიალე ჭოროხი და უძირო ხევ-ხუვები, 
   

ვრცლად »

       
 
ნადირობა      

კლარჯეთი! ჭოროხის აუზი და ძველი კოლხები, ზემო ქართლი და მეწინავე მესხები, მოთქრიალე ჭოროხი და უძირო ხევ-ხუვები, 
  

ვრცლად »

       
 
თევზაობა      

კლარჯეთი! ჭოროხის აუზი და ძველი კოლხები, ზემო ქართლი და მეწინავე მესხები, მოთქრიალე ჭოროხი და უძირო ხევ-ხუვები, 
  

ვრცლად » 



 
www.taoklarjeti.com



თემურ ხუციშვილი კახა შენგელია შალვა მაჭავარიანი ვალერი სილოგავა
შატბერდის მონასტრის ლოკალიზაციის პრობლემისათვის

ცნობილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით დღევანდელი Artvin-ის, Erzurum-ის, Ardahan-ის და Kars-ის რაიონებში მდებარეობდა ისტორიული საქართველოს მხარეები: ტაო, სპერი, თორთომი, კლარჯეთი, შავშეთი, არტანი და კოლა, აგრეთვე, სამცხის, ერუშეთის და ჯავახეთის ნაწილი.

VIII საუკუნეში ცენტრალურ ქართლში არაბების ბატონობის გამო ქართლის კულტურული და პოლიტიკური ცენტრი აშოტ I კურაპალატის ინიციატივით ბიზანტიასთან ახლოს, კლარჯეთში ინაცვლებს. VIII-IX საუკუნეებში გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების მიერ აგებულ თუ განახლებულ მონასტრებს, კლარჯეთის თორმეტ სავანეს, მათი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო „საქართველოს სინა“ ეწოდა. შატბერდი მათშიც გამორჩეული იყო.

შატბერდი, IX საუკუნეში, უშუალოდ გრიგოლ ხანძთელის მიერ აშენებული „დიდებულ ლავრად“ წოდებული მონასტერია. შატბერდის მონასტერი კლარჯეთის მეფე-მთავრის ბაგრატ I კურაპალატის შემწეობით აიგო და იყო უმნიშვნელოვანესი რელიგიური და მწიგნობრობის კერა. აქ შუა საუკუნეებში მოღვაწეობდნენ იოანე-ზოსიმე, მიქაელ მოდრეკილი, გიორგი მთაწმინდელი (ცნობილნი აგრეთვე ბიზანტიასა და აღმოსავლეთის ქრისტიანულ სამყაროში); აქ დაიწერა „შატბერდის კრებული“, გადაიწერა ადიშის (897 წ.), ჯრუჭის (936 წ.), პარხლის (973 წ.) ოთხთავები; შემონახულთაგან უძველესი „მოქცევა ქართლისა“ და სხვა საქართველოსა თუ საზღვარგარეთის სიძველეთა საცავებში დღემდე შემონახული ხელნაწერები.

აკად. ნ.მარის სიტყვებით „შატბერდმა . . . ნიადაგი შეამზადა საქართველოს დასავლეთთან, ბიზანტიის კულტურასთან დასაახლოებლად და ამავე დროს ინარჩუნებდა და აღორძინებდა ძველ კავშირებს ქართული აზრისას სომხურთან და საერთოდ აღმოსავლურთან . . . ამ ლიტერატურულმა ცენტრმა ნაყოფიერი როლი ითამაშა საქართველოს შემდგომ კულტურულ აღმავლობაში.“ [3], გვ. 139.

XI საუკუნიდან საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის სასაზღვრო მხარეებში - ტაო-კლარჯეთსა და კოლა-არტანში რელიგიური და კულტურული ცენტრები კნინდება. XVI საუკუნიდან ეს მხარეები ოსმალური თურქეთის სახელმწიფოშია და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მონასტრებსა და ეკლესიებში ცხოვრება ისპობა.

XIX საუკუნიდან ართვინის, არტანისა, ერზრუმისა და ყარსის რაიონები დანარჩენ საქართველოსთან ერთად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშია და შესაძლებელი ხდება საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული ქართული ქრისტიანული არქიტექტურის ძეგლების კვლევა. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიისა თუ არქეოლოგიური საზოგადოების ეგიდით საქართველოს ამ ისტორიულ მხარეებში ეწყობა ექსპედიციები: გრაფინია პრ. უვაროვას, აკადემიკოსების დ. ბაქრაძის, ა. პავლინოვის, ნ. მარის, ე. თაყაიშვილის, პოლკოვნიკ გ. ყაზბეგისა და სხვათა მონაწილეობით. ამ ექსპედიციების მასალებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდა წარსულში ცნობილი ყველა ეკლესიისა თუ მონასტრის მიკვლევა. მხოლოდ შატბერდისა და ხანძთის იდენტიფიკაციის საკითხი რჩებოდა ღიად.

შატბერდის ლოკალიზაციის პრობლემას ასეთი ისტორია აქვს:

1879 წლის მოგზაურობის შემდეგ ქართველმა არქეოლოგმა და ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ „შატბერდად უნდა იგულისხმებოდეს თვით ლოდის-ყანა [დოლისყანა], თუმცა ახლა, როგორც მე ადგილობრივ დავრწმუნდი, ეს სახელი დაკარგულია“ [1], გვ.130. ამჟამად ცნობილია, რომ დოლისყანა არის კლარჯეთის უდაბნოთაგან ერთ-ერთი, მოგვიანებით [X ს.] აშენებული მონასტერი.

ცნობილი ქართველი ისტორიკოსი თედო ჟორდანია ასეთ ვარაუდს გამოთქვამს: „...იშხანი მეზობელი მონასტერი იყო პარხალისა და... ალბათ შატბერდ-ხანძოეთისაცა... თუ თ თ იოანე ბერმაც შატბერდს დაწერილი პარხალს შესწირა, საგულისხმოა, რომ შატბერდი შორს არ უნდა იყოს პარხალიდამ“ [2],გვ.98. ამრიგად, თ. ჟორდანიას ვარაუდით, შატბერდი არტანუჯსა და პარხალს შორის უნდა მდებარეობდეს.

1904 წელს ცნობილი ორიენტალისტი ნიკო მარი ატარებს ტაო-კლარჯეთის შემსწავლელ მასშტაბურ ექსპედიციას. ნიკო მარი ქვემო ფორთაში (Y. Porta) მდებარე სამონასტრო კომპლექსს შატბერდთან აიგივებს: „...აქ [ქვემო ფორთაში]... პირველივე შთაბეჭდილება ისეთი მქონდა, რომ ვიმყოფები ძველ სავანეში – შატბერდში, მიუხედავად მისი გვიანდელი მოპირკეთებისა. ...და აქ შევიგრძენი ისეთი სიახლოვე ამ მიყრუებული კუთხის წარსულის რეალობისა, რომ არ გამიკვირდებოდა თვით გრიგოლ ხანძთელი რომ გამომცხადებოდა პასუხით კითხვაზე, რომელმაც აქ მომიყვანა: სადაა შატბერდი? ...შატბერდში (ამიერიდან ასე ვუწოდებ ქვემო ფორთას) არაა სწორი ადგილი. თითოეული ნაგებობისთვის და თვით ბაღებისთვისაც კი... უნდა გაკეთდეს ტერასები“ [3],გვ.139-142.

ქართული კულტურის დიდმა მოამაგემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, რომელმაც XX საუკუნის დასაწყისში ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის შემსწავლელ სამ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა, გაიზიარა ნიკო მარის მოსაზრება და ქვემო ფორთის მონასტერი შატბერდად მიიჩნია [4],გვ.220.

ხანძთის მონასტერი შატბერდად მიიჩნია ქართული ისტორიოგრაფიის ფუძემდებელმა აკადემიკოსმა ივ.ჯავახიშვილმაც. 1923 წელს მისი რედაქტორობით გამოსულ საქართველოს ისტორიულ რუკაზე ხანძთის მონასტერს შატბერდი აწერია, ხოლო ხანძთა მითითებულია მის ჩრდილოეთით, კარჩხალის მთასთან.

ამჟამად უკვე დადგენილ ფაქტად ითვლება, რომ ქვემო ფორთაში არსებული მონასტერი ხანძთაა.

1845 წელს ლექსიკოგრაფმა ნიკო ჩუბინაშვილმა პალესტინაში, ჯვრის მონასტერში მიაკვლია XII საუკუნით დათარიღებულ ხელნაწერს - გიორგი მერჩულეს ჰაგიოგრაფიულ თხზულებას „შრომა და მოღუაწეობა ღირსად-ცხოვრებისა გრიგოლისი არხიმანდრიტისა , ხანძთისა და შატბერდის აღმაშენებლისა და მის თანა მრავალთა მამათა ნეტართა“ („გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“), რომელიც დაწერილია 951 წელს. 1902 წელს ნიკო მარმა ეს ხელნაწერი აღწერა და მეცნიერულად გამოსცა [5].

X საუკუნის ეს თხზულება უმნიშვნელოვანესი პირველწყაროა შატბერდის იდენტიფიკაციის საკითხის გადაწყვეტისთვისაც. კერძოდ, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“

არის სამი ეპიზოდი, რომლებიც მიგვანიშნებენ შატბერდის მონასტრის ადგილსამყოფელს:

I. მარშრუტი, რომლითაც გრიგოლ ხანძთელმა და მთავართა ოჯახმა იმოგზაურეს კლარჯეთის სავანეთა მოსანახულებლად: „...წინა წარმოუძღუა [გრიგოლ ხანძთელი] მთავართა მათ [ბაგრატ I-სა და მის ძმებს] და პირველად მიიყვანნა შატბერდს... და რაჟამს წარმოვიდეს შატბერდით ელმწიფენი იგი... მოიწინეს ჯმერკს და ბერთას... და დაბას. ... ოპიზას... და წარემართნეს ხანცთად... მოილოცნეს მიძნაძორო , წყარო ს თავი, და ბარეთელთა და ადგილნი მათნი“.

II. შატბერდის ადგილსამყოფელის მიმართება დანარჩენ მონასტრებთან: „შატბერდი დაღაცათუ სხუათა მათ უდაბნოთა [კლარჯეთის დანარჩენ უდაბნოებს] მცირედ შორავს...“, ამრიგად, შატბერდი დაშორებულია დანარჩენი მონასტრების ზონას.

III. შატბერდთან სასოფლო-სამეურნეო სავარგულების არსებობა: [ხანძთასთან] „...სათესავი ყანა და სათიბელი ქუეყანა რა თურთით არა არს... და... შეწირნა [აშოტ კურაპალატმა] ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანცთისა“.

ამ მასალის ანალიზის შედეგად ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა და სწავლულმა პავლე ინგოროყვამ ნაშრომში „გიორგი მერჩულე“ წამოაყენა ჰიპოთეზა შატბერდის არტანუჯის დასავლეთით, სოფ. შაგორას მიდამოებში მდებარეობის შესახებ [6],გვ.316-318. ღვაწლმოსილ მამულიშვილს ამ ჰიპოთეზის შემოწმების საშუალება არ ჰქონდა, რადგან ყოფილი ტაო-კლარჯეთი XX საუკუნის 20-იანი წლებიდან თურქეთის ტერიტორიაზე იყო, ხოლო დანარჩენი საქართველო – საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და ქართველ მეცნიერებს არ ჰქონდათ საშუალება ამ მიწებზე საძიებო სამუშაოების ჩატარებისა.

XX საუკუნის II ნახევრიდან ტაო-კლარჯეთსა და კოლა-არტანში საექსპედიციო-სამეცნიერო სამუშაოებს მხოლოდ დასავლელი მეცნიერები აწარმოებდნენ – ლოს-ანჟელესის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ ჯობაძე, ფრანგი მკვლევარები, დოქტორები ჟ.-მ. და ნ. ტიერი, ავსტრიელი მეცნიერი, დოქტორი ბრუნო ბაუმგარტნერი და სხვები. მათ შორის, შატბერდის თემას პროფ. ვახტანგ ჯობაძე შეეხო: „ჯერჯერობით, არტანუჯისა და იმერხევის ხეობის მიდამოების კვლევისას, ჩემი მოგზაურობის დროს მე ვერ შევძელი მეპოვა რაიმე ნანგრევების კვალი, რომლებიც შეიძლება იდენტიფიცირებული იყოს შატბერდთან. ამგვარად, ერთადერთი მონასტერი, რომელიც შეესაბამება ხსენებულ მარშრუტს [გრიგოლ ხანძთელისა და მთავართა მოგზაურობა კლარჯეთის სავანეების მოსალოცად], როგორც ჩანს, არის ადგილი, რომელიც დღესდღეობით ცნობილია მისი თანამედროვე სახელით ენი-რაბათი...[7],გვ.41.

XX საუკუნის 90-იანი წლებიდან, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისა და თურქეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების შემდეგ ისტორიულ ტაო-კლარჯეთსა და კოლა-არტანში ქართველ მეცნიერთა და მკვლევართა ახალი თაობის მუშაობა ინტენსიური ხდება. ეწყობა ექსპედიციები, მუშავდება საინფორმაციო და სამეცნიერო ლიტერატურა ქართული წარმოშობის არქიტექტურულ ძეგლებზე.

მოსაზრება შატბერდის ენი-რაბათში მდებარეობის შესახებ გაიზიარა და განავითარა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა დავით ხოშტარიამ: „...ენი-რაბათი ამ მონაცემებს [გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება] ზედმიწევნით შეესაბამება, თუ შატბერდს მის ადგილას ვიგულებთ, გამოდის, რომ არტანუჯიდან დაძრულმა მეფეებმა გაიარეს თხუთმეტიოდე კმ. აღმა არტანუჯისწყლის ხეობაში, მოინახულეს აქ მდებარე მონასტერი, შემდეგ უკან გამობრუნდნენ, კვლავ გაიარეს არტანუჯი და გზა განაგრძეს იმერხევისკენ. [8,გვ.66. ...ენი-რაბათის ეკლესია დგას ფართო ამწვანებულ ხეობაში... ნაყოფიერი მიწითა და საძოვრებით... ზემოთთქმულიდან გამომდინარე... საკმარისი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ შატბერდი მდებარეობდა ახლანდელი ენი-რაბათის ადგილას. [8,გვ67... ყოველ შემთხვევაში, არტანუჯის მიდამოებში (და საერთოდ კლარჯეთში), სხვაგან არსად ჩანს ნამონასტრალი, რომელიც „დიდებულ ლავრად“ შეიძლებოდა მიგვეჩნია. შატბერდი ვრცელი სავანე იყო დიდი ეკლესიით, სატრაპეზოთი, სკრიპტორიუმით, სენაკებით და სხვა ნაგებობებით. ძნელი წარმოსადგენია ეს ყველაფერი ისე გამქრალიყო, რომ კვალიც არ დაეტოვებინა. თუ ენი-რაბათი შატბერდი არ არის, სადღაც სხვაგან უნდა არსებობდეს სახელდაკარგული დიდი მონასტრის ნაშთები მაინც, მაგრამ ისინი XIX-XX საუკუნეების არცერთ მკვლევარსა თუ მოგზაურს არ აღუნიშნავს“ [8],გვ.64.

შატბერდისა და ენი-რაბათის იდენტურობა თ. ჟორდანიასა და პ. ინგოროყვას ზემოთ მოყვანილ არგუმენტირებულ დებულებებს ეწინააღმდეგება: ენი-რაბათი არტანუჯის აღმოსავლეთითაა და გრიგოლ ხანძთელისა და ბაგრატის ოჯახის მოგზაურობის მარშრუტიც არაბუნებრივი გამოდის, რადგან ერთსა და იმავე გზაზე აქეთ და იქით სიარული ძნელად დასაშვებია. ყოველ შემთხვევაში, „ზედმიწევნით“ არ შეესაბამება მონაცემებს.

ენი-რაბათის შატბერდთან იგივეობას საეჭვოდ ხდის აგრეთვე ფაქტობრივი მონაცემები:

ა) ენი-რაბათის საკმაოდ კარგად შემორჩენილ ტაძარში არ არის არცერთი ქართული წარწერა;
ბ) ეკლესიის ინტერიერში დასავლეთის მკლავის ბოლოში მოწყობილი იყო ხის პატრონიკე. ასეთი რამ არაა დაფიქსირებული ტაო-კლარჯეთის არცერთ ეკლესიაში;
გ) დეკორაციული ელემენტები თავმოყრილია იატაკიდან მაღლა. ამით ენი-რაბათი დიდად განსხვავდება რეგიონის სხვა ტაძრებისგან;
დ) ენი-რაბათის ოთხ ნიშას სამაბსიდიან საკურთხეველზე, სამკუთხა ნიშებს გუმბათის ყელში, შვერილ მსხვილ თაროს სარტყელს, თანაბარი სიმაღლის საფასადო თაღებს და ჩრდილო დასავლეთის ტრომპის დეკორს პარალელი არ მოეძებნება ქართულ არქიტექტურაში;
ე) დასავლეთის მკლავში ჩართული ნახევარლილვებიანი და ბურთულებიანი ქვები მეცამეტე საუკუნით თარიღდება;

ეს მონაცემები მოხმობილია დ.ხოშტარიას დისერტაციიდან [8], გვ. 144, 142, 223, 257.

ამ წინააღმდეგობებს დ.ხოშტარია შემდეგნაირად ხსნის: „შატბერდის [ენი-რაბათის] ხუროთმოძღვარი ... წარმოგვიდგება როგორც ... მარგინალი, რომელმაც ... ისურვა არქიტექტურული აზრის განვითარების მაგისტრალური ხაზისგან ერთგვარად განზე დგომა“. [8], გვ 271.

ჩვენ ამგვარი ახსნა არადამაჯერებელი გვგონია. უფრო მისაღებია ვ.ჯობაძის მოსაზრება „... არგუმენტი შატბერდის ენი-რაბათთან იდენტიფიკაციის წინააღმდეგ მდგომარეობს ენი-რაბათის გეგმასა და წყობაში, რომლითაც [ენირაბათი] XI საუკუნის შუა წლებშია აშენებული... თუმცა გრიგოლ ხანძთელის მიერ აშენებული მონასტრები მოგვიანებით გადაკეთდა და ეს შეიძლება ენი-რაბათსაც ეხებოდეს...“ [7], გვ.41. „ენი-რაბათის ... არქიტექტურული პლასტიკის ... სიახლეები არ ეგუება რეგიონის ხუროთმოძღვრული პრაქტიკის ტრადიციებსა და საერთო ხასიათს და ახსნას საჭიროებს, რაც მომავალი კვლევის ამოცანა უნდა გახდეს“ [7], გვ.77.

თურქული სიტყვა ენი-რაბათი ქართულად ახალ რაბათს ნიშნავს. მეცხრამეტე საუკუნეში ჩამოსახლებული სომხები ამ ადგილს ნორაშენს უწოდებდნენ რაც ქართულად ახალ ადგილს შეესაბამება. ისტორიულ წყაროებში მივაკვლიეთ ტოპონიმ ახალდაბას. ეს დასახლება არტანუჯის მიდამოებში ყოფილა: „სინოდ. კანტორის გუჯრებში იპოვება სიგელი ¹349, რომელიც XV ს-ის პირია ძველი გუჯარისა 1392 წელს დაწერილი ალექსანდრე მეფის სახელით [იმერთა მეფე ალექსანდრე]. ესაა მცხეთის საეკლესიო მამულების სია, სადაც წერია: „...არტანუჯის ციხე და მისი შესავალი; მუნვე სოფელი ციხის-ძირი; ახალ-დაბა; ბოცო-ჯვარი და აგარა“. [9], გვ.196-198. ვფიქრობთ რომ ეს ახალდაბაა ენი-რაბათი და იქ მდებარე ეკლესიაც ახალდაბის ეკლესიაა.

დავუბრუნდეთ პ.ინგოროყვას ჰიპოთეზას შატბერდის არტანუჯის დასავლეთით მდებარეობის შესახებ.

თედო ჟორდანიას 1890 წელს ჩაწერილი აქვს მესხეთის მხარეთა კარგი მცოდნის გრიგოლ გურიელის ცნობა, რომ „სოფელი შახბედი მდებარეობს ჭოროხის ხეობაში, მთაზედ...“ [2], გვ.97. ამჟამად ადგილობრივი მოსახლეობა ხეობას, სადაც ნამონასტრალია, „შარბეთს“ („Şarbet“) უწოდებს.

ცნობები არტანუჯის დასავლეთით ეკლესიის ნანგრევების შესახებ ჰქონდათ თურქ მკვლევარებსაც:

ოსმან აითექინის მიხედვით „ოქუმუშლარის [ბოსელთას] სოფლის ეკლესიის შესახებ რაიმე ცნობა არ მოგვეპოვება. სავარაუდოდ შუა საუკუნეების ძეგლია, ბაგრატოვანთა ეპოქაში აგებული“ [10], გვ.281.

1995 წელს მ. ქადიროღლუმ Şarbet-ში, რომელიც მდებარეობს ბოსელთას ციხესთან, თანამედროვე Okumuşlar-თან, აღწერა ამ მონასტრის ნანგრევები. „აქ არის სატრაპეზო და ეკლესია. დანარჩენი ნანგრევები ძალზედ დაზიანებულია და არ იძლევა იდენტიფიცირების საშუალებას. ჩრდილო-დასავლეთით მონასტრისაგან მდებარეობს ციხე-სიმაგრე ბოსელტ კალე (ბოსელთა)“. მ.ქადიროღლუ ასკვნის: „სავარაუდოა რომ, შარბეთი ეკუთვნის გიორგი მერჩულის მიერ აღწერილ პერიოდს. ოპიზას, წყაროსთავს და პარეხის ჩრდილოეთ ეკლესიას ბევრი საერთო აქვთ შარბეთთან. ამის საფუძველზე ვასკვნით რომ, შარბეთი ეკუთვნის მე-9 საუკუნის პირველ ნახევარს ... ჩვენ ვბედავთ შარბეთი გავაიგივოთ შატბერდთან.“ [11], გვ.8-19. სამწუხაროდ, თურქი მკვლევარის ეს ინფორმაცია ქართველი მეცნიერების ყურადღების მიღმა დარჩა.

პოზიციას შატბერდის არტანუჯის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობის შესახებ იზიარებენ თანამედროვე ქართველი ისტორიული გეოგრაფიის სპეციალისტები. 2003 წ. დაბეჭდილ „საქართველოს ისტორიის ატლასში“, რომელიც აკად. დ.მუსხელიშვილის რედაქტორობითაა გამოცემული, შატბერდი არტანუჯის სამხრეთ-დასავლეთითაა მითითებული. იხ. გვ. 28.

2004 წლის 19 აგვისტოს „ქართუ ჯგუფისა“ და „გია ქავთარაძე და პარტნიორების“ ფინანსური დახმარებით, თემურ ხუციშვილმა და ვიქტორია შტორმმა (უკრაინა), ხოლო ამავე წლის ოქტომბერში კახა შენგელიამ, შალვა მაჭავარიანმა და კავკასიის ბიზნესის სკოლის რამდენიმე თანამშრომელმა ავზომეთ და ფოტოფირებზე დავაფიქსირეთ დიდი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მდებარეობს არტანუჯის სამხრეთ-დასავლეთით, სოფ. აგარასა და სოფ. ბოსელთას შორის, ღრმა ხეობაში.

ჩვენი აზრითაც სწორედ აქ არსებული ნანგრევებია შატბერდის მონასტერი.

მოვიყვანოთ არგუმენტები:

თუ შატბერდი აგარასთანაა, გრიგოლ ხანძთელისა და სამეფო ოჯახის გზა ფრიად რაციონალურად გამოიყურება. აქედან უახლოესი სავანე ჯმერკია, და არც წინ და უკან სიარული უხდებათ.

რუკაზე ჩანს, რომ შატბერდი დანარჩენი მონასტრების ზონას მართლაც მცირედ დაშორებულია; ამ შემთხვევაში გვაქვს თანხმობა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“ მოყვანილ მეორე ეპიზოდთან.

ნამონასტრალთან ახლოს, სოფ. აგარიდან ვაზისხევამდე კილომეტრზე მეტი სიგრძის ნაყოფიერი მიწაა, რომელიც ირწყვება და სადაც ახლაც ბაღებია გაშენებული. ნამონასტრალთან ახლოს არის სოფ. ბოსელთა (Okumuşlar), რაც შეიძლება აგრეთვე მიუთითებდეს მეურნეობის (ბოსლების) არსებობაზე. ეს მონაცემები შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მესამე ეპიზოდს.

ამრიგად, თუ შატბერდის მონასტერს ბოსელთასთან ვიგულისხმებთ, მივიღებთ სრულ შესაბამისობას „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ტექსტთან.

აგარასთან ჩვენს მიერ დაფიქსირებულ და მიახლოებით აზომილ დიდ სამონასტრო კომპლექსში დღემდე შემორჩენილია: ა) 26.4 17.6 მ-ის ზომის ჯვრის გეგმის მქონე დიდი ტაძარი; საკურთხევლის აბსიდის სიმაღლე 6-7 მ-ია; ბ) სატრაპეზო (სკრიპტორიუმი) 23.2 ფ 18 მ. ზომებით; გ) სენაკი ზომებით 4 6 მ. (დარჩენილია ორი კედელი); დ) სენაკის ნაშთები (დარჩენილია 4 მ. სიმაღლის კუთხე); ე) მოშანდაკებული ადგილი 30 30 მ-ის ზომებით.

დ.ხოშტარიას დაკვირვებით „საქართველოს სინას“ სამშენებლო ტრადიცია გულისხმობდა ჯვრული აგებულების შენობაში დასავლეთის მკლავის ხაზგასმულ დომინირებას (მიდრეკილებას დაგრძელებისადმი)“. [8], გვ.137. ამ თვალსაზრისით შატბერდის მთავარი ტაძარი ძალზე ახლოა წყაროსთავის, ოპიზისა და დოლისყანის ტაძრებთან (განსხვავებით ენი-რაბათისაგან).

პირველადი ანაზომებისა და ფოტომასალის გაცნობის შემდეგ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი დიმიტრი თუმანიშვილი აღნიშნულ ტაძარს IX-X საუკუნეებში აშენებულად მიიჩნევს. კედლის წყობა და მოპირკეთება „...უფრო X საუკუნეზე უნდა მიგვანიშნებდეს... განახლება ხომ, გიორგი მერჩულის უტყუარი ცნობით, X საუკუნის პირველ ნახევარში მომხდარა“. (ეს მოსაზრება მოყვანილია მკვლევარის ჯერჯერობით გამოუქვეყნებელ ხელნაწერში);

შატბერდის აგარასთან მდებარეობის ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ტოპონიმიკაც.

ბოსელთას თანამედროვე თურქული სახელწოდება (Okumuşlar) ქართულად ითარგმნება როგორც „განათლებული ადამიანების საცხოვრებელი ადგილი.“ აღნიშნული ფაქტი შეიძლება ჩაითვალოს ისტორიული მეხსიერების გამოძახილად (ეს მოსაზრება გამოთქვა აკადემიკოსმა მარიამ ლორთქიფანიძემ ამ სტრიქონების ავტორთან პირადი საუბრისას);

საინტერესოა ივანე ჯავახიშვილის შემდეგი მოსაზრება: „საგეოგრაფიო სახელად გვხვდება „აგარა“-ც, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. „აგარა“ როგორც ეტყობა სოფელზე ყოფილა დაკავშირებული; გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში მაგ. აღნიშნულია, რომ აშოტ კურაპალატმა „შეწირნა... შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა“ (გვ. იზ);“ [12],გვ.15.

ტოპონიმი „შატბერდი“ კომპოზიტია და შედგება „შატ“ და „ბერდ“ ნაწილებისგან.“ შატბერდი“ სომხურად გაფორმებული ტოპონიმია, მაგრამ ამავე დროს ლურსმულ დამწერლობაში (კერძოდ ბაბილონურ-ასურულში) მარცვლების „შატ“, „შად“,... „მად“ გადმოსაცემად გამოიყენებოდა ნიშანი, რომელსაც მრავალი მნიშვნელობა ჰქონდა, მათ შორის „მთა“ [13],გვ.7;[14],გვ.455.

„ბერდი“ *b[h]erğ[h] - როგორც ინდოევროპულ (მაგ. ძველგერმანული burg, სომხური burgn), ასევე ახლოაღმოსავლურ არაინდოევროპულ ენებზე, (მაგ. ურარტული burgana, სირიული būrgā) - ნიშნავს „სიმაგრეს“, „ციხესიმაგრეს“. [15], გვ.744,745.

ამრიგად, „შატბერდი“ შეიძლება ნიშნავდეს – „მთისციხეს“. ეს ენობრივი მონაცემები გარკვეული მინიშნება შეიძლება იყოს, რადგან ნამონასტრალი მთის თხემზე აგებულ ციხესთან მდებარეობს.

მოყვანილი არგუმენტები აგარასთან არსებული დღემდე უსახელო ნამონასტრალის შატბერდთან იდენტიფიკაციის საშუალებას გვაძლევს.

თუ ქართველ მეცნიერებს თურქ კოლეგებთან ერთად შატბერდის ნამონასტრალის გათხრისა და შესწავლის საშუალება მიეცემა, შეიძლება მრავალი მნიშვნელოვანი აღმოჩენის მოწმენი გავხდეთ.

 წყარო: www.orthodoxy.ge 



გამოყენებული ლიტერატურა:

დ. ბაქრაძე, ვახუშტი, საქართველოს ისტორია (განმარტებული... დ. ბაქრაძის მიერ), ტფილისი, 1885;
თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. 1, ტფილისი, 1892;
Н.Марр, Дневник поездки в Шавшию и Кларджию, МАК, вып. VII. С.Пет. 1911;
ე. თაყაიშვილი, ემიგრანტული ნაშრომები, ტ.1, „სამუსულმანო საქართველო“, „მეცნიერება“, თბილისი, 1991;
Георгий Мерчуле, Житие св. Григория Хандзтийскаго… перевод Н.Марра, МАК, вып. VII. С.Пет. 1911;
პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბილისი, 1954;
W. Djobadze, Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klarjeti and Šavšeti, Stuttgart,1992;
დ. ხოშტარია, შატბერდის (ენი-რაბათის) ეკლესია და კლარჯეთის არქიტექტურის მხატვრულ-ისტორიული პრობლემები, სადოქტორო დისერტაცია. თბილისი, 2004;
თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. 2, ტფილისი, 1897;
Aytekin, Osman, „Ortaçağ ‘dan Osmanlı dőnemi sonuna kadar Artvin ‘deki mimari eserler“, Ankara, Kűltűr Bakanlığı, 1999;
M. Kadiroĝlu, Untersuchungen an mittelalterlichen georgischen Baudenkmჰlern in Nordost-Anatolien, Georgica, 22, 1999;
ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი II, თბილისი, 1983;
გ. მელიქიშვილი, „როგორ ამეტყველდნენ ლურსმული წარწერები“, თბილისი, 2004;
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, „სოლისებრი დამწერლობა“;
Т. Гамкрелидзе, В. Иванов, Индоевропейский язык и Индоевропейцы, Тбилиси,1984. 


www.taoklarjeti.com
 



ციხე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ახლანდელ სოფელ ფერათლიდან (Ferhatlı)ორიოდე კილომეტრით ჩრდილოეთით, ისტორიულ კლარჯეთში, მდინარე არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზე, ულამაზეს კლდეზე მდებარეობს. ქართლის ცხოვრების ცნობით ვახტანგ გორგასალმა და კლარჯეთის ერისთავმა არტავაზმა კლარჯეთის ხელახლა შემოერთების შემდეგ, პროვინცია ერთად დაათვალიერეს და დიდი მშენებლობა დაგეგმეს. როგორც ჯუანშერის მონათხრობიდან ჩანს, კლარჯეთში იმ დროს ორი დიდი ციხე იყო– თუხარისისა და ახიზისა, რომელიც მეფეს დაზიანებული დახვდა. ვახტანგის ბრძანებით არტავაზმა განაახლა ახიზა. ვახტან მეფის სახელსვე უკავშირდება ახიზის ციხეში ეკლესიის მშენებლობა.
ახიზის ციხე მოგზაური კარლ კოხი გოჯიბორეთს უწოდებს, მის მახლობლად მდებარე საეპისკოპოსო ტაძარი ამჯამად მთლიანად განადგურებულია. კლარჯეთის სიძველეთა ადრეული მკვლევარები– დ. ბაქარაძე, ა. პავლინოვი, პრ.უვაროვა და ნ.მარი მის შესახებ არაფერს წერენ. ერთადერთი მოკლე ცნობა დაგვიტოვა თბილისელმა მხარეთმცოდნებ ა.ფლორენსკიმ, რომელიც ახიზაში 1910–იან წლებში იმყოფებოდა. მისი მოწმობით, იმხანად შენობა უკვე ძლიერ დანგრეული იყო, თუმცა კედლების ნაწილი ჯერ კიდევ იდგა. ტაძარში ა.ფლორენსკიმ ღვთისმშობლის მოზაიკური გამოსახულების ფრაგმენტები ნახა. ცნობილია სამი ანტეფიქსი ახიზის ტაძრიდან. ერთზე გამოსახულია განედლებული ჯვარი, მეორეზე– ჯვარი და ირემი. ორნამენტები შუასაუკუნეებით თარიღდება. დ. ხოშტარიას აზრით ვახტანგ გორგასლის დროს აგებულ ტაძარს შემდგომ ხანებში რაიმე არსებითი აღდგენა–გადაკეთება არ განუცდია.
 

 
www.taoklarjeti.com



ახიზის ციხე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ახლანდელ სოფელ ფერათლიდან (Ferhatlı)ორიოდე კილომეტრით ჩრდილოეთით, ისტორიულ კლარჯეთში, მდინარე არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზე, ულამაზეს კლდეზე მდებარეობს. ქართლის ცხოვრების ცნობით ვახტანგ გორგასალმა და კლარჯეთის ერისთავმა არტავაზმა კლარჯეთის ხელახლა შემოერთების შემდეგ, პროვინცია ერთად დაათვალიერეს და დიდი მშენებლობა დაგეგმეს. როგორც ჯუანშერის მონათხრობიდან ჩანს, კლარჯეთში იმ დროს ორი დიდი ციხე იყო– თუხარისისა და ახიზისა, რომელიც მეფეს დაზიანებული დახვდა. ვახტანგის ბრძანებით არტავაზმა განაახლა ახიზა. ვახტან მეფის სახელსვე უკავშირდება ახიზის ციხეში ეკლესიის მშენებლობა.
ახიზის ციხე მოგზაური კარლ კოხი გოჯიბორეთს უწოდებს, მის მახლობლად მდებარე საეპისკოპოსო ტაძარი ამჯამად მთლიანად განადგურებულია. კლარჯეთის სიძველეთა ადრეული მკვლევარები– დ. ბაქარაძე, ა. პავლინოვი, პრ.უვაროვა და ნ.მარი მის შესახებ არაფერს წერენ. ერთადერთი მოკლე ცნობა დაგვიტოვა თბილისელმა მხარეთმცოდნებ ა.ფლორენსკიმ, რომელიც ახიზაში 1910–იან წლებში იმყოფებოდა. მისი მოწმობით, იმხანად შენობა უკვე ძლიერ დანგრეული იყო, თუმცა კედლების ნაწილი ჯერ კიდევ იდგა. ტაძარში ა.ფლორენსკიმ ღვთისმშობლის მოზაიკური გამოსახულების ფრაგმენტები ნახა. ცნობილია სამი ანტეფიქსი ახიზის ტაძრიდან. ერთზე გამოსახულია განედლებული ჯვარი, მეორეზე– ჯვარი და ირემი. ორნამენტები შუასაუკუნეებით თარიღდება. დ. ხოშტარიას აზრით ვახტანგ გორგასლის დროს აგებულ ტაძარს შემდგომ ხანებში რაიმე არსებითი აღდგენა–გადაკეთება არ განუცდია.
 


www.taoklarjeti.com




არტანუჯი კლარჯეთის უძველესი ქალაქია. როგორც დასახლებული პუნქტი, ის უკვე ქრისტიანობამდელ ხანაში არსებობდა. V საუკუნის ბოლოს თუხარისიდან აქ გადმოვიდა ადგილობრივ ერისთავთა რეზიდენცია. ჯუანშერის ცნობით, ვახტანგ გორგასალმა „იხილა კლდე შუა კლარჯეთსა, რომელსა სოფელსა ერქუა არტანუჯი და მოუწოდა არტავაზს, ძუძუმტესა მისსა, და დაადგინა იგი ერისთავად; და უბრძანა, რათა ააგოს ციხე არტანუჯისა... ხოლო არტავაზ აღაშენა ციხე არტანუჯისა“. VIII საუკუნეში ციხე, როგორც ჩანს მიტოვებული იყო. 810-იან წლებში ის აღადგინა აშოტ I კურაპალატმა. IX საუკუნის ბოლოდან არტანუჯი დაუმკვიდრდა აშოტ I-ის უფროსი ძის ადარნასეს შთამომავლებს, რომლებიც „არტანუჯელებად“ მოიხსენიებიან.
1010 წელს ერთიანი საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-მ სუმბატ არტანუჯელი ძმასთან ერთად ფანასკერტში დარბაზობაზე მიიწვია და ციხეში გამოამწყვდია. სუმბატის მემკვიდრე კონსტანტინოპოლში გაიქცა, დარჩენილმა კლარჯმა ბაგრტიონებმა პატიმრობაში გალიეს სული. არტანუჯი მეფის საკუთრება გახდა.
ამის შემდეგ არტანუჯმა ნაწილობრივ დაკარგა უწინდელი პოლიტიკური როლი, თუმცა დარჩა მნიშვნელოვან ქალაქად. ის ხშირად იხსენიება XI საუკუნის მოვლენების ამსახველ ქართულ მატიანეებში. 1080 წელს, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობით, ქალაქი გადაწვეს თურქ-სელჯუკებმა. XIII საუკუნიდან არტანუჯი ათაბაგთა გამგებლობაში იყო. 1553 წელს ათაბაგ ქაიხოსრო II-ს არტანუჯი ერზრუმის მმართველმა ისქანდერ ფაშამ წაართვა.
შუა საუკუნეების ბოლომდე ქალაქის მოსახლეობა, როგორც ჩანს, დიდწილად ქარული იყო. XVII-XVIII საუკუნეებში არტანუჯელი ქართველები ძირითადად გამაჰმადიანდნენ, ნაწილმა კათოლიკობა მიიღო. ამავე ხანებიდან იწყება აქ კათოლიკე სომხების ჩამოსახლება.
არტანუჯი ახლა ართვინის ოლქს ექვემდებარება, აერთიანებს 50 სოფელს, 50 ათასამდე მოსახლით. დაბა არტანუჯში 6 ათასამდე კაცი ცხოვრობს.
არტანუჯი და ართვინი განლაგებულნი არიან ისეთ ციცაბო ფერდობებზე, რომ გიკვირს, ნუთუ ასეთ ადგილას შეიძლებოდა ქალაქების განვითარება“, - წერდა 1879 წელს დიმიტრი ბაქრაძე, რომელმაც არტანუჯის ციხე მოინახულა.
დღევანდელი არტანუჯი მკაფიოდ იყოფა ორ ნაწილად, რომელიც ერთმანეთისაგან ორიოდე კილომეტრითაა დაშორებული. ახალი უბანი (იენი არდანუჩი, Yeni Ardanuc) გაშენებულია XX საუკუნეში არტანუჯისწყლის მარჯვენა დაბალ ნაპირზე, შედარებით სწორ ადგილას. ძველი უბანი (ესკი არდანუჩი, Eski Ardanuc. მას უწოდებენ ადაქალეს, Adakale) მდებარეობს მდინარის მარცხენა ნაპირზე აღმართული გრანდიოზული კლდოვანი მთის ვრცელ, დამრეც ბაქანზე. ეს არის ისტორიული ქალაქი არტანუჯი, რომელსაც ზღუდე ერტყა (ახლა მისგან მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი). მის ზემოთ იწყება გაშიშვლებული პიტალო კლდე თითქმის ვერტიკალური კალთებით. კლდის თავზე დგას ციხე - არტანუჯის ბობოქარი ისტორიის ყველაზე თვალსაჩინო მატერიალური ნაშთი. მას უჭირავს კლდის მთელი ზედა მოედანი, რომელსაც სამხრეთ-ჩრდილოეთის ღეძზე ძლიერ წაგრძელებული ფორმა აქვს და ციტადელიც, შესაბამისად, სიგრძეშია გაჭიმული დაახლოებით 220 მეტრზე, სიგანე ყველაზე ფართო ადგილას 55 მეტრს აღწევს, ციხის კედლები რელიეფის მოხაზულობას მიჰყვება, მრუდხაზოვანია. როგორც ჩანს, ციცაბო კლდე ისეთ საიმედო დაცვას უზრუნველყოფდა, რომ კედლებში კოშკების ჩართვა საჭიროდ არ მიუჩნევიათ - მათი კვალი არსად ჩანს. ციხის სათავდაცვო სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ბუნებრივი გამოქვაბულები, რომლებიც ციხეს გვირაბებით უკავშირდება.
ციხის შიგნით ახლა რამდენიმე შენობის უმნიშველო ნაშთი განირჩევა. მათი არქიტექტურული სახისა და დანიშნულების გარკვევა შეუძლებელია. შედარებით მეტი რამ შემორჩა ციტადელის შუა ნაწილში მდგარი ეკლესიისაგან, რომელიც წმიდა პეტერსა და პავლეს ეკლესი უნდა იყოს.
ქალაქის უძველესი ნაგებობაა ადაქალეს ჩრდილოეთ კუთხეში მდგარი ეკლესია. ის აგებულია კლდოვან კონცხზე, რომელიც არტანუჯისწყლის ღრმა ხეობას გადაჰყურებს. ტაძრის ჩრდილოეთ კლდიან ქარაფამდე ათიოდე მეტრია. შენობა დგას სპეციალურად მოსწორებულ და ნაწილობრივ სუბსტრუქციით ამოშენებულ კლდოვან ბაქანზე.  ეკლესია ამჟამად თითქმის მთლიანად დანგრეულია.
ძველ უბანში, პირველი ეკლესიიდან მცირეოდენ მოშორებით იდგა მეორე ეკლესიაც, რომელიც გვიანი შუა საუკუნეებისათვის დაინგრა. მის ადგილას 1864 წელს არტანუჯის იმდროინდელმა მმართველმა სულეიმან ფაშამ ააგო ისქანდერ ფაშას (1553 წელს არტანუჯის დამპყრობლის) ჯამე. მასში ჩართულია ეკლესიის კედლების ნაშთები. გარდა ამისა, ჯამეს მშენებლობისას უხმარიათ ეკლესიის ჩამოცვენილი ქვებიც. ჯამეს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ნიკო მარმა ნახა თავდაყირა ჩადგმული ორსტრიქონიანი ფრაგმენტი ქართული წარწერისა. მასზე იკითხებოდა:
წ(ი)ნ(ა)მძღ(უა)რს
და მ(ის)სა დას 


www.taoklarjeti.com



დოლისყანა მდებარეობს მდინარე არტანუჯისწყლისა და იმერხევის შესართავთან, თანამედროვე სოფელ ჰამამლიში (თურქ. Hamamlı), მაღალი მთის ფერდობზე. სამონასტრო კომპლექსიდან მხოლოდ მთავარი ტაძარია შემორჩენილი, დანარჩენი ნაგებობები კი უკვე XIX საუკუნისათვის მთლიანად განადგურებული იყო. მონასტერი მეფე სუმბატმა (954–958) საფუძვლიანად შეაკეთა, მან შეამკო სამხრეთი ფასადი, გუმბათის ყელის შიდა და გარე პერანგი. მეფის გამოსახულება შემორჩენილია ეკლესიის გუმბათის ჩრდილო–აღმოსავლეთ წახნაგზე შესაბამისი წარწერით „ქრისტე, ადიდენ მეფე ჩუენი სუმბატ“, სამხრეთი მკლავის სარკმლის თავზე კი გაშლილია ორსტრიქონიანი ლამაზი ასომთავრული წარწერა: „ქრისტე, ადიდე მეფე ჩვენი სუმბატ მზეგრძელობით“. სუმბატის ფიგურა ამჟამად დაზიანებულია, ვინაიდან მას სროლაში ვარჯიშისას სამიზნედ იყენებდნენ. მოტეხილია თავის ზედა ნაწილი და სახის ნაკვთები. სახის შემორჩენილ ქვედა ნაწილზე მკაფიოდ განირჩევა წვერი.
დოლისყანის მონასტრის დაარსებისა და აშენების ზუსტი თარიღი ცნობილი არაა. გიორგი მერჩულე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერს, რომ დოლისყანა კლარჯეთის სხვა მონასტრებთან შედარებით გვიან აშენდა, ე. ი. 830–840–იანი წლების შემდეგ. გარდა ამისა, მონასტერი აგებულია 951 წლამდე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების დაწერამდე. შესაბამისად, დოლისყანა 850–950 წლებს შორისაა დაარსებული.
ეკლესიის არქიტექტურა მოწმობს, რომ იგი ტაო–კლარჯეთის ხელოვნების აყვავების უშუალოდ წინა პერიოდში არის აგებული. მასში თავს იჩენს ახალი დროის ხუროთმოძღვრული ელემენტები — გუმბათის დეკორატიული თაღნარი, სარკმლების თავზე არსებული პოლიქრომიული „მარაოები“, მოჩუქურთმებული თავსართები და სხვა. ამავე დროს, დოლისყანა ზოგი ნიშნით ჯერ კიდევ ე.წ. გარდამავალ პერიოდს მიეკუთვნება და აქვს წინა ეპოქისთვის დამახასიათებელ ნიშნები — დამჯდარი პროპორციები, განსაკუთრებით გუმბათის ყელისა, უხეშად დამუშავებული ქვები, მოუჩუქურთმებელი კარნიზები და სხვა.
დოლისყანის ეკლესია გამოირჩევა სკულპტურული რელიეფების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით. სამხრეთის ფასადის სარკმლის შუა წელზე ორივე მხარეს ანგელოზების ფიგურებია, მარცხნივ მიქაელ, მარჯვნივ კი გაბრიელ მთავარანგელოზისა. სასუფევლის ამ მცველებს მაყურებელზე მაგიური შთაბეჭდილება უნდა მოეხდინათ. როგორც გაბრიელის სამოსზე დარჩენილი წითელი საღებავის კვალი გვიჩვენებს, ფიგურები თავიდან დაფერილი უნდა ყოფილიყო, რაც მათ კიდევ უფრო წარმოსადგეს გახდიდა.
გაბრიელ მთავარანგელოზის წინ მედალიონში დოლისყანის ოსტატის გაბრიელ დეკანოზის ნახევარფიგურაა. მათ ქვემოთ– ურო მოსჩანს, მარცხნივ ექვსქიმიანი ვარსკლავი– დავითის ფარია გამოქანდაკებული. შემორჩენილია ჯვრის ორნამენტული გამოსახულებაც.
სამხრეთი მკლავის სამხრეთი ფასადის ერთ–ერთ დიდ ქვაზე ამოკვეთილი იყო მზის საათი. საათი შედგებოდა ნახევარწრედ განლაგებული ასოებისაგან, რომლებიც ერთიდან თორმეტამდე რიცხვებს აღნიშნავენ. ცენტრიდან ასოებისაკენ ბოლოში მომრგვალებული სხივები მიემართებოდა. 2003 წელს აღნიშნული საათი ვიღაცამ კედლიდან ამოამტვრია და საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა.
გუმბათის ყელს როგორც შიგნიდან, ისე გარედან 12 თაღისაგან შეკრული თაღნარი ამკობს. გუმბათის ნახევარსფეროს დაბალი, კონუსური სახურავი აქვს. ეკლესიის კედლები, მათ შორის გუმბათიც, როგორც ჩანს მოხატული ყოფილა. ისინი 1964–1967 წლებში კარგ მდგომარეობაში მოინახულეს, შეისწავლეს და ფოტოზე დააფიქსირეს ფრანგმა მეცნიერებმა ჯ. და მ.ტიერებმა. ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო შეთეთრებული საკურთხევლის შუა ნაწილში არსებული მოციქულთა ფიგურები და და ზედა ნაწილში — მაცხოვრის დიდი ფიგურა. ჩანდა ასევე დიდი ფრაგმენტები გუმბათის ყელსა და გუმბათში (წინასწარმეტყველები, მაცხოვრის ამაღლების კომპოზიცია). მოხატულობა 1996 წელს ხელოვნებათმცოდნე ი. გივიაშვილმა დოლისყანის ფრესკები ფერად ფირზე იმ დროს დააფიქსირა, როცა ისინი ჯერ კიდევ ორად გაყოფილი ტაძრის პირველ სართულზე თივის საწყობში იყო მოქცეული, მას შემდეგ ფრესკების მდგომარეობა ძლიერ შეიცვალა და გაფერმკთალდა, აჟამად კი მათი გარჩევა ძალიან ძნელია. ამჟამად მხოლოდ მეტ–ნაკლებად დაზიანებული ექვსი ფიგურაა შემორჩენილი საკურთხევლის ქვედა რეგისტრში, სარკმლის მარჯვნივ. ფრესკასთან არსებული წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ მარცხნიდან მეორე წმინდა ილარიონია, ხოლო მესამე —გრიგოლ საკვირველთმოქმედი. დანარჩენების ვინაობა გაურკვეველია. შემორჩენილია ასევე განკითხვის დღის ფრესკის ფრაგმენტები სამხრეთის კარის ტიმპანში. და წარწერები XIII საუკუნეში უნდა იყოს შესრულებული. დოლისყანა ერთადერთი ქართული ეკლესიაა, სადაც აფსიდის მოხატულობაში არაბული წარწერა იყო ჩართული. სამწუხხაროდ, ეს წარწერაც რამდენიმე წლის უკან ჩამოიშალა. დოლისყანის ეკლესია ცენტრალურ–გუმბათოვანი ნაგებობაა ძირითადი ჯვრული სივრცითა და ოთხივე კუთხეში დამატებითი სათავსებით. შენობის გეგმა წაგრძელებული მართკუთხედის ფორმისაა. ძირითად ჯვრულ ნაწილს ქმნის ცენტრალური კვადრატული ნაწილიდან გამომავალი ოთხი მკლავი, მათ შორის ერთი, აღმოსავლეთის მკლავი აფსიდურია, ხოლო დანარჩენი სამი — მართკუთხედის ფორმისაა. დასავლეთის მკლავში, რომელიც განივ მკლავებთან შედარებით დაახლოებით 3,5–ჯერ გრძელია, ჩაშენებულია პატრონიკე, რომელიც მთლიანად იყო გახსნილი ძირითადი სივრცისკენ. წინა კედლის კამარამდე ამოშენების შემდეგ პატრონიკე ცალკე დახურულ სათავსად იქცა და მისი დასავლეთი ნაწილი დასავლეთის მკლავს მოსწყდა.
ეკლესიას მთავარი შესასვლელი დასავლეთი მკლავის სამხრეთ მხარეზე აქვს. ტაძარში შესვლა შესაძლებელია სამხრეთ–დასავლეთი კუთხის სათავსის გავლით, რომლის წინა კედელიც სრულადაა დანგრეული. დავით ხოშტარია ფიქრობს, რომ ეს სათავსო სამხრეთიდან თაღებით იქნებოდა გახსნილი და სტოა–კარიბჭის სახე ექნებოდა. ტაძრის მეორე შესასვლელი დასავლეთი მკლავის დასავლეთი კედელის ცენტრშია, კარი ინტერიერში ამოშენებულია, გარედან კი ეს ადგილი მიწითა და ნაყარი ქვებითაა სავსე.
ოთხივე მკლავში, მათ შორის საკურთხევლის აფსიდშიც თითო დიდი სარკმელია, ხოლო გუმბათში — ოთხი. მკლავების სარკმლები შიგნითკენ ძლიერ ფართოვდება. მაგალითად, სამხრეთის მკლავის სარკმლის სიგანე ფასადზე 45 სმ–ია, ხოლო ინტერიერში — 150 სმ. ამ მხრივ განსხვავებულია გუმბათის ყელის სარკმლები. ისინი თითქმის პარალელურწირთხლებიანია. შედარებით პატარა სარკმლებია პასტოფორიუმთა აფსიდებშიც.
გუმბათქვეშა თაღები სადა პროფილის იმპოსტებს ეყრდნობა. მათ ქვემოთ კედლის კუთხეებზე პილასტრები არაა. დასავლეთის მკლავს შუაზე აქვს საბჯენი თაღი, რომელიც დღეს თურქების მიერ ჩაშენებულ კედელშია ჩამალული. ეს თაღი კედელზე შეკიდულ წაკვეთილ პილასტრებს ეყრდნობა. ამ პილასტრების კაპიტელები შედარებით რთული პროფილისაა.
დოლისყანა შერეული მასალითაა ნაგები. კედლების შიდა და გარე წყობას შეადგენს საშუალო ზომის უხეშად დამუშავებული ქვები, რომლებიც სწორ რიგებადაა დალაგებული, წინა მხრიდან მოსწორებულია, მაგრამ კუთხეები და წიბოები არაა გამოყვანილი; ქვებს შორის დარჩენილი ღრეჭოები კენჭებითა და კირითაა ამოვსებული.
კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები, თაღები, პილასტრები, ღიობები, კუთხეები სუფთად თლილი ქვებითაა გამოყვანილი. ასევე სუფთად გათლილი ქვიშაქვის კვადრატული ფორმის ფილებითაა მოპირკეთებული გუმბათის ყელის მთელი შიდა და გარეთა მხარე.
მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს რომ ეკლესია მთავარანგელოზთა სახელობისა იყო, ნაწილი კი თვლის რომ იგი წმინდა სტეფანეს სახელზე აიგო.


www.taoklarjeti.com



მდინარე იმერხევის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელი ქალაქი შავშათიდან 15 კილომეტრში, სოფელ ტბეთის (თურქული სახელწოდება (cevizli), ჯევიზლი ნიშნავს „კაკლიანს“) შუაგულში ტბეთის სახელგანთქმული ეკლესიაა აღმართული. ჯევიზლისაკენ გზა თვალწარმტაც ხეობას მიუყვება. მთებს ხშირი ნაძვნარის სიმწვანე აფერადებს, მათ შორის კი საუცხოოდ მოჩანს ხის სახლები. გზა ფერდობიდან თანდათან მთის ტაფობზე გადადის, იმ ვრცელ ველზე, სადაც ტბეთის ტაძარიაAაგებული. 
პირველი ტაძარი აქ X საუკუნეში ერისთავთერისთავი აშოტ კუხის მიერ აიგო. მანვე დანიშნა ტბეთის პირველი ეპისკოპოსი სტეფანე მტბევარი. XI საუკუნეში ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა ააგო ციხესიმაგრე და დაიცვა მხარე ბიზანტიის აგრესიისაგან. მას შემდეგ სამეფო ხელისუფლებამ მტბევარ ეპისკოპოსს საერო ხელისუფლებაც — შავშეთის ერისთავობაც ებოძა. ტბეთის მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ, სამწერლობო კერას წარმოადგენდა. აქ მოღვაწე ბერების მიერ არაერთი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები შეიქმნა. ტბეთის მონასტერი რამდენიმე სამონასტრო ნაგებობას მოიცავდა, რომელთაგან დღეისათვის მხოლოდ მთავარი ტაძრის ნანგრევებია შემორჩენილი. ტბეთის მთავარ ტაძარში გამოიყოფა რამდენიმე ქრონოლოგიური ფენა მშენებლობისა. მონასტერი XVII საუკუნის II ნახევრამდე მოქმედებდა, შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ ტაძარში მუსულმანური სალოცავი გახსნა. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ტბეთის კათედრალი კარგად იყო შენახული. მაშინ ის გიორგი ყაზბეგმა, დიმიტრი ბაქრაძემ და ნიკო მარმა შეისწავლეს. დღემდე შემორჩენილ 1888 წლის ფოტოზე , სადაც  ნათლად ჩანს ეკლესიის გუმბათი და კამარების გადახურვა. მაგრამ 1961 წელს კათედრალი უცნობმა პირებმა ააფეთქეს, რის გამოც ჩამოიშალა გუმბათი და დასავლეთი ნაწილი, დაიკარგა და გაიბნა ტაძრის შემამკობელი მრავალი დეტალი.
ნგრევამ ტბეთს მომხიბვლელობა ვერ წაართვა, გრანდიოზულობითა და ორნამენტთა სინატიფით დღესაც გხიბლავს. მის თაღებქვეშ მდგარს ძალაუნებურად გიორგი ყაზბეგის სიტყვები გახსენდება: `ტბეთის ეკლესიას შეუძლია დაამშვენოს თვით რომი, რომელიც განთქმულია ძველისძველი ტაძრებით. ტბეთის ეკლესია თავის შინაგანის და გარეგანის მშვენიერებით უფრო დიდსა და მაღალს გრძნობას აღძრავს კაცის გულში, ვიდრე სვეტიცხოველი მცხეთისა.~
ტაძრის შიდა სივრცე დღეს თითქმის მთლიანად განადგურებულია. არადა აქ XII საუკუნის ულამაზესი ფრესკები ყოფილა. საკურთხეველს ანგელოზთა ვედრება, თორმეტი მოციქულისა და ეკლესიის მამათა სახება ამკობდა.

ტბეთში ყველა ჩუქურთმა ნატიფი კვეთითაა შესრულებული, ყველა დეტალში ხუროთმოძღვრის ნიჭიერება და რუდუნება Fჩანს.
ამ მონასტერში სტეფანე მტბევარმა შექმნა ორიგინალური თხზულება `წამება წმინდისა მოწამისა გობრონისი~.
ტბეთის სამრეკლოდსან ორი წარწერაა ცნობილი. ერთი მათგანი ქვედა კორპუსზე იყო განთავსებული, ხოლო მეორე — ფანჩატურზე, კარნიზის ქვეშ. ორივე წარწერა იხილეს, მაგრამ არ წაუკითხავთ გ. ყაზბეგსა და პრ. უვაროვას. ამათგან ერთ-ერთი წარწერებიანი ქვა ნიკო მარმა ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების სახლში ღუმელში ჩადგმული იპოვა. აქვე იყო მონასტრის ნანგრევებიდან წამოღებული სხვა ქვებიც. ამ წარწერის არცერთი სტრიქონი ნიკო მარის დროს სრულად არ იყო შემორჩენილი. მხოლოდ ნაწილობრივ იკითხებოდა მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სტრიქონები:
. . . მოს()ვსა
. . . იტოს მტბევ
. . . სამრეკლო ესე
. . . ()()ნიკ()ნსა სიე
ამ წარწერის საფუძველზე დადგინდა, რომ ქვა ნამდვილად სამრეკლოს ეკუთვნოდა. ასევე ზუსტად განისაზღვრა სამრეკლოს აგების თარიღიც — 1527 წელი.

ნიკოლოზ მარმა სხვა წარწერასაც მიაგნო ადგილობრივ მცხოვრებთა სამოსახლოში. მეორე წარწერა შედარებით უკეთ იყო შემონახული. სოფლელები ადასტურებდნენ, რომ ეს ქვაც სამრეკლოს ნანგრევებიდან ჰქონდათ მოტანილი. წარწერა ამგვარად იკითხებოდა:
(რისტე) ამ()სა ზედა მდე-
გსა თათუხაძესა
()ხბუზას (ეუ)(დო) (მერთმა)
ეს წარწერებიანი ქვა ნიკო მარის მოსაზრებით საფლავის ქვას წარმოადგენს. განსხვავებულად ფიქრობს დ. თუმანიშვილი და მის აზრს იზიარებს ხელოვნებათმცოდნე დავით ხოშტარიაც. ისინი ფიქრობენ, რომ შახბუზა თათუხაძე სამრეკლოს სამშენებლო სამუშაოების „ზედა მდეგი“ უნდა იყოს. დავით ხოშტარიას მაგალითად მოჰყავს ოშკის წარწერა, რომელშიც ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი გრიგოლი თავს „საქმეთა ზედა მდგომს“ უწოდებს.

ტბეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე განსაკუთრებული ნაგებობის, ე. წ. „ღმრთისმშობლის საფლავის“ არსებობა მხოლოდ ვარაუდია და ეფუძნება ნიკო მარის მიერ ტაძრიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ნაპოვნ ძლიერ დაზიანებულ ექვსსტრიქონიან დიდი ზომის ფილას. წარწერაში იკითხებოდა სიტყვები  „კუბ(ო)ჲ დედისა ღ(მრთისა)ჲ“
ეს წარწერა, რომელიც სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება, დაკარგულია. ნიკო მარის მითითებით, წარწერა მიუთითებს ტბეთში ღვთისმშობლის განსაკუთრებული კულტის არსებობაზე. დავით ხოშტარია ყურადღებას აქცევს წარწერის შინაარსს, განსაკუთრებით კი მის ბოლო სტრიქონს. მისი თქმით, „კუბო“ შეიძლება გულისხმობდეს ღვთისმშობლის ხატის ჩასასვენებელს. არსებობს მხოლოდ ვარაუდი იმის შესახებ, რომ ტბეთში არსებობდა ნაგებობა, „ღმრთისმშობლის საფლავად“ წოდებული, რომელიც იერუსალიმში არსებული ღვთისმშობლის ნამდვილი საფლავის იმიტაციას წარმოადგენდა, ისე, როგორც სვეტიცხოველში არსებობს „უფლის საფლავი“.
ძველი ავტორების მიხედვით, დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთის პილასტრში ჩადგმული იყო რელიეფური ფილა ქტიტორის გამოსახულებით. ეს ფილა მოგვიანებით თბილისში გადმოიტანეს და ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. სავარაუდოა, რომ იგი თავის ადგილას არ იჯდა და თავდაპირველად ფასადზე იყო მოთავსებული. აკაკი ბაქრაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც რელიეფურ ფილაზე პირველი ტაძრის ქტიტორი, აშოტ კუხი იყო გამოსახული, შესაბამისად ფილა X საუკუნის დასაწყისით დათარიღდა. ეს მოსაზრება დღეს ფართოდაა გავრცელებული და დამკვიდრებული. შემდგომში ნ. და ჟ.-მ. ტიერიმ განსხვავებული მოსაზრება გამოთქვეს; მათი აზრით რელიეფი უფრო გვიანდელია და X საუკუნის ბოლო ხანებით ან XI საუკუნის დასაწყისით უნდა დათარიღდეს. ამ მოსაზრების თანახმად ფილაზე ტაძრის ერთ-ერთი განახლების ქტიტორია გამოსახული. ნიკო მარის ცნობით რელიეფს წარწერაც ჰქონდა გაკეთებული, თუმცა მისივე თქმით წარწერა გულმოდგინედ იყო ჩამოტეხილი ჩაქუჩით. ნიკო მარს წარწერაში მხოლოდ რამდენიმე ასო გაურჩევია.
დრომ ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ ბუნება უცვლელი დარჩა. ეს გაშლილი ველი, მთის ქონგურები და უძირო ცა თითქოს ტბეთისთვის საგანგებოდ შეიქმნა. მრავაულსაუკუნოვანი  კედლები გულგრილს არავის ტოვებდა. სწორედ ამიტომ ტბეთზე ცნობილ თურქ მწერალ ფაქირ ბაიყურთს უთქვამს: `არავინ იცის, რამდენი წლისაა ეს უზარმაზარი ნაგებობა. იქნებ ათასის, იქნებ უფრო მეტისაც. ზოგი რას ამბობს, ზოგი რას. ჯევიზლი კი, როგორც სახელწოდებიდან ჩანს, კაკლიანი სოფელია. კაკლები მაისის თვეში ყალყზე დგებიან... ამდენ სიმწვანეში შორიდან ძნელად თუ შენიშნავ შენობას, მის სიდიადეს კი მხოლოდ მაშინ აღიქვამ, როდესაც მიუახლოვდები. შიგნით შეხვალ და ზემოთ აიხედავ. ძველი ეპოქის, აქ მცხოვრები ხალხის, მათი დაკარგული სარწმუნოების, მისი ცივილიზაციის ნაშთია იგი.~ 
 


www.taoklarjeti.com


ოპიზა, უფრო სწორად მისი ნანგრევები, შორიდანვე მოჩანს. თუმცა ფერდობს კარგად უნდა დააკვირდე, რომ სიმწვანეში ჩამალული მრავალსაუკუნოვანი კედლები შენიშნო. მონასტერი ართვინის ვილაიეთში, სოფელ ბახჩილარში (Bağcılar) მდებარეობს
ოპიზა კლარჯეთის უძველესი და ყველაზე ვრცელი მონასტერი იყო. როგორც ამ კუთხის სხვა ძეგლები, ისიც ვერ ეღირსა ქართველ მეცნიერთა ყურადღებას. 1874 წელს იგი გიორგი ყაზბეგმა დაათვალიერა და ქალაქს შეადარა. 1888 წელს არქიტექტურის აკადემიკოსმა ა. პავლინოვმა ინახულა. კომპლექსის გრანდიოზულობა შემორჩენილი ფოტოებიდანაც ჩანს.
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსმა საქართველოს ისტორიაში უდიდესი როლი შეასრულა. სავანის დაარსება ვახტანაგ გორგასლისა და ერისთავ არტავაზის სახელს უკავშირდება და პრაქტიკულად პირველი მონასტერი იყო საქართველოში. არაბთა შემოსევის შემდეგაც პირველად ის აღუდგენიათ, ამიტომ 780 წელს აქ დამკვიდრდა და ერთხანს მოწაფეებთან ერთად ცხოვრობდა ქართლიდან წამოსული გრიგოლ ხანცთელი. მონასტერში მოღვაწეობდნენ იოანე პეტრიწი, ბექა და ბეშქენ ოპიზრები. აქ გადაიწერა 913 წლის ოპიზის სახარება.
ოპიზის ტაძრის სამხრეთ ფასადზე იყო მოთავსებული სამფიგურიანი რელიეფი, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. რელიეფი ორი ერთნაირი ზომის ფილისაგან შედგება. შუაში ქრისტეა გამოსახული, მარჯვნივ, როგორც წარწერა გვაუწყებს, აშოტ კურაპალატი, ხელში ოპიზის ტაძრის მოდელი უჭირავს, მარცხნივ დავითი. მიჩნეული იყო, რომ აშოტ კურაპალატი არის აშოტ I, ხოლო დავითი, ებრაელთა დიდი მეფე, ვის შთამომავლებათაც ბაგრატიონები იწოდებოდნენ. პროფესორმა ვახტანგ ჯობაძემ კვლევის შედეგად ივარაუდა, რომ ბარელიფზე გამოსახულია აშოტ IV კურაპალატი და მისი ძმა დავითი, ქართველთა მეფე. 945-954 წლებში სწორედ ამ აშოტმა განაახლა ტაძარი და ბაზილიკა გუმბათიან ეკლესიად გადააკეთა.
ეს ბარელიეფი ერთადერთი დეტალია, რაც ეკლესიის მორთულობიდან შემოგვრჩა. ვინ იცის, კიდევ რამდენ საინტერესო ცნობას ინახავდა ოპიზა.
ოპიზის ყველაზე საინტერესო ფოტო 1959 წელს უცხოელმა მეცნიერმა ტიერიმ გადაიღო. მართალია, ეკლესიის მკლავების გადახურვა მას უკვე ჩანგრეული დახვდა, მაგრამ ჯერ მყარად იდგა გუმბათი. ტიერის ფოტო უნიკალურია. მას შემდეგ ოპიზა გუმბათით არავის დაუფიქსირებია.
ყურადღებას იპყრობს X საუკუნის I ნახევარში აღდგენილი გუმბათის ყელი. მას 12 წახნაგი აქვს და ყოველი მათგანი საკუთარი ფრონტონით არის აღჭურვილი, რის გამოც კარნიზი ჰორიზონტალურის ნაცვლად ტეხილი გამოდის, ხოლო სახურავი სანახევროდ გაშლილ ქოლგას ემსგავსება. ეს და აგრეთვე გუმბათის ყელის შეწყვილებულ ლილვებზე დაყრდნობილი დეკორატიული თაღები მოწმობს დეკორაციულობისადმი ინტერესის გაძლიერებას. შენობის ფასადებიც, ისევე როგორც ინტერიერი, შემოსილია თლილი ქვით. 
შემორჩენილი ძველი ფოტოს მიხედვით ეკლესიიდან მარჯვნივ გრძელი, თაღებიანი შენობა მოჩანს. სავარაუდოდ, აქ იყო სატრაპეზო, რომელიც აშოტ IV კურაპალატს აუშენებია. ნაგებობა იდგა მარცხნივაც, კერძოდ სამრეკლო. ოპიზას ჰქონია ვრცელი სკრიპტორიუმი, სადაც ურიცხვი ხელნაწერი შეიქმნა. სამხრეთ მონაკვეთში კი დიდი აკლდამა, ქართველ მეფეთა და ადგილობრივ ხელისუფალთა სამარხი.
ოპიზა ჩვენთვის უპირველესად ორი დიდი შემოქმედის სახელს უკავშირდება.
"მოიჭედა ჴელითა ბეშქენ ოპიზარისაითა"
"ქრისტე, შეიწყალე ოქრომჭედელი ბექაჲ ოპიზარი"
ორი ვედრება და ორი სახარება, ორივე ერთმანეთზე უფრო მშვენიერი და მომხიბლავი. ისინი ოპიზაში მოღვაწე ძმებმა ბექამ და ბეშქენმა შექმნეს. ძნელია, მათ შორის უკეთესი გამოარჩიო. ერთს უფრო მეტი ძვირფასი ქვა გამოუყენებია, მეორეს უფრო უხვი ჩუქურთმა და ორნამენტი. განსხვებასთან ერთად საერთოსაც ხედავ. ნაზად მოღერებულ ვაზის ფოთლებში, ლამაზად დახვეულ ყლორტებში ოსტატთა საერთო სული იგრძნობა.
ბეშქენის მიერ მოჭედილი სახარება XII საუკუნეში იოვანე მოძღვარმა ოპიზაში, ბერთის მონასტრისათვის გადაწერა. ბექას ნახელავი კი (დაახლოებით 1195 წელი) წყაროსთავის ეკლესიას შესწირეს. 
არავინ იცის, რამდენ ხანს ქმნიდნენ ამ უკვდავ ძეგლებს ძმები ოპიზრები, რამდენჯერ დაიღალნენ, რამდეჯერ მოუწიათ ერთხელ შექმნილი ორნამენტის  გადაკეთება. ერთმანეთს რომ ეხმარებოდნენ და გამოცდილებას უზიარებდნენ, ეს ცხადია. ისიც ნათელია, რომ ამ ძვირფას ლითონებსა და ქვებს შორის ოპიზრებმა სამკაულად ყველაზე ძვირფასი რამ ჩადეს _ საკუთარი სულის ნაწილი, რითაც ბედნიერება და უკვდავება ერთად მოიპოვეს.
ტაძარმა ყველაზე დიდი ნგრევა XX საუკუნის შუა წლებში განიცადა.  მაშინაც სოფელში გზა გაჰყავდათ და მშენებლებმა იოლი, მაგრამ საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღეს. გზა პირდაპირ ოპიზაზე გაატარეს, ამიტომ ეკლესია ააფეთქეს. ახლა ოპიზის სამონასტრო კომპლექსისა და ტაძრის ნაცვლად რამდენიმე კედელიღა შემორჩა.
ცნობილია, რომ ოპიზა ფრესკებით ყოფილა შემკული, თუმცა კედლებზე დღეს მხატვრობის ნატამალი აღარ ჩანს. სამაგიეროდ გაოცებს კედლების მასშტაბები და იმ ადამიანთა მონდომება, მონასტრის ასაშენებლად უზარმაზარი ლოდები რომ მოჰქონდათ.
`აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი~ – ასე დასტიროდა ალექსანდრე ჭავჭავაძე სევანის ტბის პირას გაშენებულ სომხურ ქალაქს. იგივე შეიძლება ოპიზაზე ითქვას.

 
www.taoklarjeti.com


ხანცთა ტაო-კლარჯეთის ერთ-ერთი უდიდესი მონასტერთაგანია. დღევანდელი არქიტექტურული კომპლექსი შედგება: მონასტრის ეკლესიის, სამრეკლოს, სატრაპეზოს, მცირე სამლოცველოების, წყაროს და გალავნისაგან.
ისტორიული წყაროების ცნობით სულიწმინდამ 784 წელს ოპიზის მონასტერში დამკვიდრებული წმინდა გრიგოლი ხანცთაში მიიყვანა. აქ მას მარტომყოფი ბერი ხუედიოსი დახვედრია. ბერმა სტუმარს მიდამოები დაათვალიერებინა და გრიგოლმა ამჟამინდელი ადგილი მონასტრის ასაშენებლად ძალიან მოიწონა. პირველად აქ ხის ეკლესია და ბერების სენაკები აიგო, მოგვიანებით აშენდა დიდი დარბაზი  სატრაპეზოსათვის. IX საუკუნის დასაწყისში გრიგოლმა ადგილობრივი დიდებულის გაბრიელ დაფანჩულის მატერიალური და მორალური მხარდაჭერით ქვის ეკლესიაც აღმართა.
გურგენ კურაპალატის შვილმა აშოტ კუხმა (896-918) IX საუკუნეში აქ გრანდიოზული მშენებლობა წამოიწყო, რომელიც  ერისთავთერისთავმა გურგენმა (918-941) დაასრულა. მშენებლობის დაწყებამდე დიდი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარებულა: ეკლესიისთვის ციცაბო კლდე დაუვაკებიათ,  ჩავარდნილი ადგილები თაღებით მოუსწორებიათ, აღმოსავლეთ მხარეს კი საყრდენი კედელი ამოუყვანიათ.  ტაძრის ასაშენებლად საჭირო ქვა და კირი ციცაბო ბილიკებით ძალიან შორი მანძილიდან მშენებლებს ზურგით მოუტანიათ.
მთელი რიგი სიახლეებით ხანცთის ეკლესია კლარჯეთის არქიტექტურის ახალი ეტაპს წარმოადგენს: თლილი ქვის საფასადო პერანგი, გუმბათის ყელის თაღნარი და ტეხილი კარნიზი, ფართო თავსართები. ხანცთა ერთადერთია კლარჯეთის შემორჩენილ ეკლესიებში, რომელიც ჩახაზული ჯვრის გეგმაზეა აგებული.
ეკლესია თავისი მოხდენილი ზომისა და შემაღლებული პროპორციების წყალობით დომინირებს არა მხოლოდ სამონასტრო კომპლექსზე არამედ მთელ მიდამოზეც. ჯვარგუმბათიანი შენობის  შიდა სიგრძე 16.85, სიგანე კი 10.50 მეტრია. ეკლესიის დანახვისას განსაკუთრებულ ყურადღებას გუმბათი მიიქცევს, იგი თავისი აგებულებით ბრწყინვალედ აგვირგვინებს შენობას. ეფუძნება ოთხ მსუბუქად შეისრულ თაღს, გუმბათის ყელი  თორმეტწახნაგაა. ყველაზე უჩვეულოა სახურავი, რომელსაც ნახევრად გაშლილი ქოლგის ფორმა აქვს.
ეკლესიის საშენი ქვა უაღრესად ხარისხიანად არის დამუშავებული, ფასადებზე გამოყენებულია თანაბარი ზომის, სუფთად გათლილი მართკუთხა ბლოკები. ისინი თანაბარ რიგებად არის დაწყობილი და ისე მჭიდროდ ერგებიან ერთმანეთს, რომ რიგებსა და ქვებს შორის კირის ხსნარი არ ჩანს. ეკლესიის მაშენებელია ხუროთმოძღვარი ამონა, რომელსაც გიორგი მერჩულე ხოტბას ასხამს და „სიბრძნით სრულიად მაშენებელს“ უწოდებს.
მონასტრის დასავლეთ ნაწილში უნდა ყოფილიყო ბერებისა და არქიმანდრიტის სენაკები, ისინი წარმოადგენს ყოველგვარ კომფორტს მოკლებულ, უკიდურესად სადა ოთახებს, ნიშების, ბუხრებისა და ღუმელების გარეშე, რაც შეესაბამება მონასტრის მკვიდრთა ასკეტურ ყოფასა და მკაცრ დისციპლინას. მთელი  ანსამბლის არქიტექტურაც ასევე სადა და ასკეტურია. რელიეფები არ არის. ერთადერთი ჯვარი, რომელიც მხოლოდ წითელი ქვითაა გამოყვანილი და არ გააჩნია არანაირი ორნამენტაცია აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის თავზე იყო ჩასმული. რადგან ამ მხრიდან ეკლესია ფაქტიურად მიუდგომელია და მისი დანახვა მხოლოდ შორიდანაა შესაძლებელი, პროფესორი ვახტანგ ჯობაძე თვლიდა, რომ მას არა დეკორატიული, არამედ სწორედაც რომ საკრალური ფუნქცია ეკისრებოდა და ის მოასწავებს მაცხოვრის მეორედ მოსვლას, რასაც კაცობრიობა ძრწოლით და შიშით აღმოსავლეთიდან მოელოდა. ჯობაძე აღმოსავლეთის სარკმელს მეორედ მოსვლის ხილვის სარკმელს უწოდებს, ჯვარი კი ქრისტეს წინამორბედია. მისი განმარტებით, წითელი ფერის შერჩევაც მეორედ მოსვლის სიმბოლური გაცხადებაა, რამეთუ წითელი ფერი ნიშნავს ქრისტეს დაღვრილ სისხლს.
რაც შეეხება ყველაზე ადრეულ ნაგებობებს, გრიგოლისდროინდელად შეიძლება მივიჩნიოთ ქვის დიდი სატრაპეზო, გალავნის ნაწილი, ეკლესიის დასადგმელად ბაქანისათვის ამოყვანილი კედლის ქვედა ნაწილი, სატრაპეზოსთან არსებული სენაკების ნაშთები, ასევე, არქაული ფორმებით გამორჩეული და დიდი მასიური ქვის ლოდებით ნაგები პატარა დარბაზული ეკლესია წყაროს თავზე.
წყაროს სამლოცველოს  გადახურვა და კედლების ზედა ნაწილები დღეისათვის მონგრეული აქვს. ნათლად ჩანს რომ აფსიდი ნალისებური მოხაზულობისაა. იგი სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვებითაა ნაგები და სრულიად სადაა შიგნითაც და გარედანაც. თურქეთში მცხოვრები ჩვენებურები ამ მშენებლობის შესახებ ლეგენდებს ჰყვებიან. მათ სჯერათ, რომ სამლოცველო სამმა ძმამ ააგო, რომლებიც სამი თვე მთაში ცხოვრობდნენ, მკაცრად მარხულობდნენ (მხოლოდ ბალახით იკვებებოდნენ) და ამიტომაც ღმერთმა დიდი ლოდების  დაძვრის ძალა მისცა.
მონასტრის დასავლეთ მხარეს, გალავანს შიგნით ორსართულიანი  სამრეკლო დგას, ის ტრადიციულად ორსართულიანია. ქვედა იარუსს შეადგენს კუბური მოცულობა შიგ ერთი სათავსით, ზედას კი — რვათაღიანი ფანჩატური, საკუთრივ სამრეკლო. ფანჩატურს აქვს ქვის ლორფინით დაბურული დაბალი კონუსური სახურავი
მასზე შემორჩენილია ოთხი სამშენებლო წარწერა ერთ–ერთ მათგანში მოხსენიებულია სამრეკლოს მაშენებელი მარკოზი. მას მეცნიერები აიგივებენ კლარჯ მღვდელ-მონაზონ მარკოზთან, რომელიც 1545 წლის ახლოს ხანძთიდან სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში გადავიდა. სინას სულთა მატიანის ერთ–ერთ მინაწერში იგი თავის თავს „ჴანცთასა სამრეკლოსა აღმშენებელსა“ უწოდებს. სამრეკლო მას 1540–იან წლებში უნდა აეგო
წარწერაში ასევე მოხსენიებულია კალატოზები კლდელი აბესალმა, ქამირი და ყაზანი. ხანცთის ერთ–ერთი წარწერის ფილა ფოტოგრაფმა დიმიტრი ერმაკოვმა თბილისში ჩამოიტანა.  წარწერაში მოხსენიებულია ერისთავთ–ერისთავი სუმბატი ან აშოტ ერისთავთ–ერისთავი  განსაკუთრებული შინაარსისაა წარწერის  მეოთხე სტრიქონი:“ ...მას მივყიდეთ ესე ტაძარი..“ მანამდე ნახსენებია მამა იოვანე, სავარაუდოდ მონასტრის წინამძღვარი. ტექსტიდან ჩანს, რომ მან ვიღაცას (ვინაობა არ ჩანს წარწერის დაზიანების გამო) „მიჰყიდა“ ტაძარი. ეკლესიის გაყიდვა უცნობია როგორც ქართული, ისე ქრისტიანული სამყაროს პრაქტიკაში. გამოთქმულია მოსაზრება, რომ აქ შესაძლოა რაიმე უფლების გაყიდვა იგულისხმებოდეს, მაგალითად მონასტრის ეკლესიაში დასაფლავებისა.
VIII-X საუკუნეებში ხანცთის მონასტერი იყო ქართული განათლებისა და მწიგნობრობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი. ხანცთაში მოღვაწე პირთაგან წმ. გრიგოლ ხანძთელის გარდა აღსანიშნავია: არსენ დიდი, ქართლის კათალიკოსი, გიორგი მერჩულე, რომელმაც სწორედ აქ, ხანცთაში დაწერა 950 წელს „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა“, საბა იშხნელი და მრავალი სხვა.
ოსმალეთის იმპერის მიერ კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ ხანცთა დაიცალა და დავიწყებას მიეცა.
მივიწყებული მონასტერი მკვლევართათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1889 წელს, ალექსანდრე ქუთათელაძემ გამოაქვეყნა მოკლე თხზულება გიორგი მერჩულეს თხზულებიდან. ავტორი ხანძთას დამახინჯებული სახელით — „ხანძოეთით“ მოიხსენიებდა. იგი ვარაუდობდა, რომ „ხანძოეთი“ კლარჯეთშია, ანჩის მახლობლად. ასე ფიქრობდა თ. ჟორდანიაც. განსხვავებული აზრი გამოთქვა ექვთიმე თაყაიშვილმა. მან „ხანძოეთი“ ევფრატის ზედაწელში, ისტორიულ დასავლეთ სომხეთში მდებარე ქალაქ ჰანძითთან გააიგივა.
ნიკო მარის მიერ გრიგოლ ხანცთელის ცხოვრების სრული ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ ხანცთა კლარჯეთში მდებარეობს, მაგრამ მისი ზუსტი ლოკალიზაცია მაინც გაძნელდა. საქმეს ართულებდა ისიც, რომ კლარჯეთის „ათორმეტ უდაბნოთაგან“ მხოლოდ ორის ტოპონიმი დაიკარგა — ხანცთა და შატბერდი; ადგილობრივმა გამაჰმადიანებულმა ქართველებმა ამ სახელწოდების მონასტრის ან დასახლების შესახებ არაფერი იცოდნენ. XX სუკუნის დამდეგს ნიკო მარი კლარჯეთში მოგზაურობისას შეეცადა თავად დაედგინა მონასტრის მდებარეობა და ხანცთასთან გააიგივა კარჩხალას ხეობაში მდებარე პატარა ეკლესია — ნუკას საყდარი. ერთი პერიოდი ეს მოსაზრება საყოველთაოდ იყო მიღებული მეცნიერებაში, 1950-იან წლებში ის „გრიგოლ ხანცთელის ცხოვრების“ დეტალური ანალიზის საფუძველზე უარყო პავლე ინგოროყვამ. მისივე გამოკვლევით, ხანძთა არის გვიანდელი ქვემო ფორთა (აშაღი ფორთა (Aşaği Porta), ამჟამად შეადგენს სოფელ ფირნალის (Pırnali) ერთ-ერთ უბანს), რომელიც ნიკო მარს შატბერდი ეგონა. ეს მოსაზრება დამატებითი არგუმენტებით განამტკიცა ვახტანგ ჯობაძემ. ამჟამად ამ აზრს, რომ ფორთას სახელით დარჩენილი ნამონასტრალი არის ხანცთა ემხრობა ყველა თანამედროვე მკვლევარი.   
 

Page 1 of 4